"მიშას სიცოცხლისთვის!" - თბილისში, მშვიდობის ხიდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრები, აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ადგილზე შეკრებილებს ხიდიდან სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებიც აქვთ გადმოფენილი, წარწერებით: "მიშას სიცოცხლისთვის!" და Save Misha [გადაარჩინე მიშა!].
"თავის ფეხით შევიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ჰოსპიტალში და დღეს რა მდგომარეობაშია, თვითონ ამ რეჟიმმა გამოაქვეყნა კადრები და მთელმა მსოფლიომ ნახა, სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა. დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთხელ - ეს არ არის უკანასკნელი აქცია. მომავალშიც ვაპირებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", - თქვა ენმ-ის წევრმა გია ბარამიძემ.
თბილისში კიდევ ერთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობს. ეს აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.
"ფეიგინის ინიციატივას შევუერთდით. შევიკრიბეთ მთავრობის კანცელარიასთან და ამ აქციებს, მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში შევუერთდით. აქედან მივდივართ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რომელიც არის მთავარი ბოროტების წყარო ამ ქვეყანაში. 2023 წელს რუსეთი დამარცხდება უკრაინასთან, ბოროტება დამარცხდება მშვიდობასთან, გაიმარჯვებს თავისუფალი მებრძოლი უკრაინელი ხალხი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილეები და არა პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი პრეზიდენტის მკვლელი ხალხი. ასეთ მკვლელ ხალხს, რომელიც პრეზიდენტს წამებით კლავს ციხეში, არ ელოდებიან ევროკავშირში. მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიურობა და ბრძოლა", - აღნიშნა ხაბეიშვილმა ფორმულასთან საუბარში.
აქციები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად და მხარდასაჭერად მიმდინარეობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ოზურგეთში. ასევე შეკრების ადგილი იქნება ბიძინა ივანიშვილის საზაფხულო რეზიდენცია შეკვეთილში. დღეს აქციები გაიმართა ასევე ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან.
გარდა ამისა, საქართელოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად დღეს აქციები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც, ევროპასა და ამერიკაში. გლობალური აქციის დღის ინიციატივით მანამდე ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოვიდნენ.